„აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი დინამიკა შესაძლოა, შეფერხდეს“

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი დინამიკა შესაძლოა, შეაფერხოს, - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ანალიზში.

გასულ კვირას აშშ-მა სხვა ქვეყნებთან ერთად, 10%-იანი ტარიფები დაუწესა საქართველოს სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის კი არის ღვინო. „თბს კაპიტალის“ თანახმად, დაწესებული ტარიფები გავლენას იქონიებს ქართული ღვინის ექსპორტზე.

„2024 წელს, აშშ-ის წილმა საქართველოს ღვინის ექსპორტში 2.6% შეადგინა და მე-6 ადგილი დაიკავა. ამავე პერიოდში ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი აშშ-ში 6 დოლარი იყო, რაც 2-ჯერ აღემატება საშუალო საექსპორტო ფასს (2.9 დოლარი). ეს შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ ქართული ღვინო აშშ-ის ბაზარზე მაღალი საფასო სეგმენტზე პოზიციონირდება.

აშშ-ის მიერ იმპორტზე დაწესებული ტარიფები რისკს უქმნის ბოლო წლებში აშშ-ის ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის გაგრძელებას და შესაძლოა, შეაფერხოს ეს დინამიკა.

მსგავსი ტიპის ტარიფების დაწესება, როგორც წესი, სრულად აისახება სამომხმარებლო ფასებში და ტარიფის ტვირთიც მომხმარებელზე გადადის. მეორე მხრივ, რადგან აშშ-ში ექსპორტირებული ქართული ღვინო უკვე მაღალ საფასო სეგმენტს წარმოადგენს, შესაძლოა, მომხმარებელი ნაკლებად მგრძნობიარე აღმოჩნდეს ფასების ცვლილების მიმართ“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ანალიზში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ახალი ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა. ახალი სატარიფო პოლიტიკის ფარგლებში, ყველა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნისთვის აქამდე დაწესებულ იმპორტის გადასახადს საბაზისოდ დაემატა საქონლის ღირებულების 10% (საბაზისო ტარიფი). თუმცა, დაახლოებით სამოცამდე ქვეყნისთვის იმპორტის გადასახადი აღემატება საბაზისო დანამატს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის განკარგულება მოიცავს გამონაკლისი პროდუქტების სიასაც, რომელსაც დამატებითი იმპორტის გადასახადი არ შეეხება. დამატებითი 10%-იანი საბაზისო იმპორტის გადასახადი ძალაში 2025 წლის 5 აპრილიდან შევიდა.